www.4georgian.tk admin*eke
სამშაბათი, 2024-05-21, 3:14 AM
www.4georgian.tk
ფილმები [14]
თამაშები [27]
პროგრამები [6]
მუსიკები [4]
სურათები [2]
სხვადასხვა [0]
მობილურისთვის [2]
real madrid [2]
counter strike 1.6 [2]
es sainteresoa [18]
sasacilo [1]
sporti [5]
ელ.წიგნები [10]
real madrid
babu
football
მთავარი » 2009 » დეკემბერი » 23 » ელიშა ლევი საქართველოში მუშაობაზე თანახმაა
2:29 PM
ელიშა ლევი საქართველოში მუშაობაზე თანახმაა
ისრაელის ჩემპიონის თავკაცის, ელიშა ლევის სამწვრთნელო კარიერა 20 წლის წინათ, ბეით შიანში დაიწყო. იქაური "ჰაპოელი”, ჰაიფას "მაკაბის” ახლანდელმა მთავარმა მწვრთნელმა მეორედან პირველში, შემდეგ კი, პირველიდან უმაღლეს ლიგაში დააწინაურა. მომავალში, მან უმაღლეს საფეხბურთო ებრაულ ლიგაში გუნდის აღზევება კიდევ ორჯერ (2005-ში კფარ სავას "ჰაპოელი”, 2007-ში ს/კ "ბნეი სახნინი”) შეძლო და ორივეჯერ გიორგი დარასელიას დახმარებით. ჰაიფაში ებრაულ-ქართული დუეტის წლევანდელ წარმატებებზე კი, უკვე არაერთხელ გვითქვამს.
ელიშა ლევის, "მსოფლიო სპორტი” ისრაელში მივლინებისას ესაუბრა.
- როგორ გადაიკვეთა თქვენი და გიორგი დარასელია სამწვრთნელო გზები?
- 2001 წელს ვწვრთნიდი კფარ სავას "ჰაპოელს”, სადაც გიორგიც თამაშობდა. მერე, მე აშდოდში სამუშაოდ გადასვლა მომიწია და როცა 3 წელიწადში კვლავ უკან დავბრუნდი, მისი საფეხბურთო კარიერის დასრულებისთანავე, ჩემს მოადგილედ ავიყვანე.
- ფაქტია, თქვენი დუეტი შედგა. მაინც რამ განაპირობა ჰაიფაში ასეთი წარმატებული დებიუტი - პირველსავე სეზონში, გუნდი ჩემპიონობამდე, მერე კი, ჩემპიონთა ლიგამდე მიიყვანეთ.
- რაც ყველაზე მთავარია, ჩვენი ერთმანეთთან შეთავსების "ქიმია” იდეალურია. ერთად ვიყავით კფარ სავაში, ბნეი სახნინში, ვართ ჰაიფაში და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა სადაც ვიქნებით, იქ მხოლოდ წარმატებები იყოს.
- ასეთი წარმატებული ტანდემი ისრაელში კიდევაა?
- მთლად ჩვენსავით წარმატებული ვერა, მაგრამ ცოტათი გვიახლოვდებიან თელ ავივის "ჰაპოელში” მომუშავე ელი გუტმანი და იოსი აბუკსისი.
- სამწვრთნელო განათლება როდის და სად მიიღეთ?
- 1986 წელს ნათანიის ვინგეტის ინსტიტუტში მივიღე მწვრთნელის დიპლომი. როცა უეფადან პროლიცენზიის მოთხოვნა გაჩნდა, მისი რამათ განში მიღება შევძელი. სწავლის პროცესში ხშირად მიწევდა ინგლისში, გერმანიაში, იტალიაში, ესპანეთში მივლინებები.
- ისრაელში სამწვრთნელო კარიერის პიკი, პრაქტიკულად წელს გქონდათ. უცხოეთში თუ გაქვთ წასვლის სურვილი და შესაბამისი შემოთავაზებაც.
- ჩვენ ჰაიფაში ძალიან კარგი სამუშაო პირობები გვაქვს იმისათვის, რომ სხვა გუნდი ვეძებოთ - თუნდაც უცხოეთში.
- დავუშვათ, გიორგი დარასელია საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს. თუ გაჰყვებით მას მენეჯერის რანგში?
- დიდი სიამოვნებით. მე არ მაქვს გართულება უფროსობაზე - მთავარია, გაკეთებული საქმე გამოჩნდეს და გიორგი იქნება პირველი კაცი თუ მე, ამას არავითარ მნიშვნელობას არ ვანიჭებ. მგონი, გიორგიც ამ აზრზეა.
- ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაში, გუნდსაც გამოცდილებას შესძენდა და მწვრთნელებსაც.
- ჩვენ, მოგეხსენებათ, საკმაოდ ძლიერ ჯგუფში მოვხვდით. აქ ვერც მიუნხენის "ბაიერნი” გავიდა პირველ ადგილზე და ვერც ტურინის "იუვენტუსი” - ისინი "ბორდომ” ჩასწია უკან. ეს გუნდები ყველანაირად მზად იყვნენ - ფიზიკურად, ტაქტიკურად, ტექნიკურად, - ყველა ამ კომპონენტში გვჯობდნენ. ჩვენ, როგორც ახალგაზრდა ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი ვცდილობდით ფონს გასვლას. ლიგამ ბევრი რამ გვასწავლა, ვიცით რაზე გვაქვს აქცენტი გასაკეთებელი. უმთავრესად, ესაა სწრაფი აზროვნება და თამაში, უკეთესი ფიზიკური მომზადება - ტექნიკურ-ტაქტიკური კუთხით არც ჩვენ გვიჭირს.
- როგორ ფიქრობთ, ასე ჩამორჩებით ჯგუფში თქვენს მეტოქეებს, რომ გოლი ვერ გაუტანეთ?
- ყველა თამაშში გვქონდა რეალური საგოლე მომენტები, მაგრამ საფეხბურთო ფორტუნამ ერთხელაც არ გაგვიღიმა. ფეხბურთში იღბალი არცთუ უმნიშვნელო კომპონენტია - გამართლების გარეშეც არ იყვნენ ისე ძლიერები, რომ მეტოქისთვის გოლის გატანა მოეხერხებინათ. ეს ჩვენს ფეხბურთელებს ჰგონიათ, რომ ევროპულ გუნდებში თამაშს იმსახურებენ, მაგრამ ასე რომ არაა, თუნდაც ჯგუფურ ეტაპზე მათ მიერ ნაჩვენებმა თამაშებმა გვიჩვენა.
- ფაქტია, კვლავ ჩემპიონობისთვის იბრძვით და მომავალ ლიგაზე მოსახვედრად, გაძლიერებაც დაგჭირდებათ. გაქვთ გეგმაში ახალი ფეხბურთელების დამატება?
- ჩვენ ახალგაზრდა გუნდი გვყავს და მას რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელის დამატება არ აწყენდა. ამ ზამთარში აუცილებლად დავიმატებთ ფეხბურთელებს
- ისრაელის ჩემპიონობისთვისაც გაძლიერება დაგჭირდებათ?
- რა თქმა უნდა, კონკურენცია ისრაელშიც მატულობს.
- გუნდში, ჯერჯერობით, ერთი ქართველი ფეხბურთელი გყავთ. მოკლედ როგორ დაახასიათებდით ლადო დვალიშვილის თამაშს.
- იგი ძალიან გვეხმარება ჩემპიონატში, ლიგაში მოსახვედრადაც დიდი სამსახური გაგვიწია. მას ორივე ფეხი ძლიერი აქვს, მაგრამ კარგი იქნება, თუ გუნდურ ფეხბურთზე გააკეთებს აქცენტს და ცოტა სისწრაფესაც მოუმატებს.
- ფაქტია, რომ მწვრთნელობისაგან განსხვავებით, ფეხბურთელობისას ჩემპიონი ვერ გახდით. რომელ გუნდში თამაშს გამოარჩევდით ყველაზე მეტად?
- მოკლედ გეტყვით, როგორ მოვედი ამ დღემდე ჩემი კარიერით. როგორც ფეხბურთელმა, დაბალი რანგის გუნდში თამაში დავიწყე - ერთი პერიოდი (1977/78) "ბეით შიანი” მე-2 ლიგაშიც ვთამაშობდი, მაგრამ მას შემდეგ 10 წელი სტაბილურად ვთამაშობდი უმაღლესი ლიგის გუნდებში. ასევე იყო სამწვრთნელო კარიერის დაწყება - დავიწყე ისევ ბეით შიანში დაბალი ლიგიდან და ვთვლი, იმას მივაღწიე, რაც ბევრმა მწვრთნელმა, ჯერ კიდევ ვერ შეძლო ისრაელში.
- იმის გარდა, რომ ახლა თქვენთან ერთად 2 ქართველი მუშაობს, რა გსმენიათ ქართულ ფეხბურთზე?
- ქართულ ფეხბურთთან ჩემი შეხება დაიწყო ჩემს გუნდებში მოთამაშე ქართველებით. ესენი იყვნენ გელა ფანჩულიძე, რომელსაც ბეით შიანში ვწვრთნიდი და იგივე დარასელია. რა ინფორმაციასაც ამჟამად ვფლობ, ვფიქრობ, პატარა ხელის შეწყობა გინდათ და აუცილებლად შენობის ქვემოდან შენების დაწყებაა საჭირო. არ ვიცნობ საქართველოს ფეხბურთში არსებულ შიდა სიტუაციას, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ურიგო ფეხბურთელები არ გყავთ, ყველასთვის ანგარიშგასაწევი გუნდის გაკეთება არ უნდა გაგიჭირდეთ.
- ბოლოს, უფრო ახლოს გაგვაცანით თქვენი წარმომავლობა და ოჯახი.
- ჩემი მშობლები ესპანეთში, მე კი იერუსალიმში დავიბადე. ოჯახში სამ-სამი და-ძმა ვიყავით. მათგან მე ყველაზე უმცროსი ვარ. ჩემი ძმებიც ფეხბურთის მწვრთნელები არიან. მოგვიანებით, გადავედით ბეით შიანში, სადაც შევირთე მეუღლე სახელად ნავა. 1982 წლიდან, უკვე კფარ სავაში ვცხოვრობთ. გვყავს 2 შვილი - 27 წლის ვაჟი პროფესიით ბუღალტერია, 21 წლის ქალიშვილს კი, ჟურნალისტობა სურს.

კატეგორია: sporti | ნანახია: 1036 | დაამატა: eke | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
eke
tkveni reklamis ad
rusuli gazetebi dg
erekle gorgodze Make a free website with uCoz